შემოგვიერთდით
  • რატომ რაია?

    რატომ რაია?

    "მახსოვს, როგორ მიხსნიდა არტეტა, რომ უნდა მეთამაშა ბევრად უფრო მაღლა და აგრესიულად. ყოველ ვარჯიშზე ის უფრო და უფრო მაღლა ასვლას მაიძულებდა. სადამდეც არ უნდა ავსულიყავი, მაინც მიმეორებდა - უფრო მაღლა!

    შემდეგ მას ავუხსენი ჩემი პოზიცია, რომ ასე თავს ნაკლებად დაცულად ვგრძნობდი და არ მინდოდა ვყოფილიყავი აგრესიული. კომპრომისს მივაღწიეთ, დანარჩენზე უკვე შედეგები მეტყველებდა", - რამდენიმე თვის წინ, აარონ რამსდეილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი რამ განაცხადა.

    აარონი ამ შემთხვევას სიცილით და მხიარულად იხსენებდა, მაგრამ შეცდომა აქ დაუშვა. მიკელ არტეტას დონის მწვრთნელები ფეხბურთელებთან კომპრომისზე არ მიდიან. თუ ისინი თვლიან, რომ მოთამაშე საკმარისად კარგი არ არის, მაშინ ის ადგილს დაკარგავს.

    ასეც მოხდა, არსენალმა დავიდ რაია დაიმატა, რომელიც მალევე ძირითადი მეკარე გახდა, რამსდეილმა კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

    რაია დამაჯერებლად ნამდვილად არ გამოიყურება და ქომაგები რამსდეილის დაბრუნებასაც ითხოვენ, მაგრამ არის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რის გამოც ესპანელი მეკარე თავის პოზიციას ასე იოლად არ დათმობს.

    ნდობის ფაქტორი

    მწვრთნელებს სჭირდებათ ფეხბურთელები, რომლებიც მიღებულ დავალებებს პირწმინდად შეასრულებენ, თუნდაც დაუშვან შეცდომები.

    რაიას "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ბევრი ცუდი მომენტი ჰქონდა და კინაღამ ხულიან ალვარესს კომიკური გოლიც გაატანინა, მიკელ არტეტამ კი თქვა, რომ ეს მისი ბრალი იყო.

    "ეს ჩემი ბრალი იყო, ეს მომენტები ჩემზეა. ქომაგებმა მე უნდა გამაკრიტიკონ, რადგან მე ვთხოვე რაიას ეთამაშა ასე რისკიანად. ასეთ მატჩებში მინახავს როგორ იგერიებენ ფეხბურთელები ბურთს უმისამართოდ, რაიას კი ვუთხარი რომ ასე არ მოქცეულიყო და მან დამიჯერა.

    საბოლოოდ, ამან იმუშავა. ვითამაშეთ ისე, როგორც გვსურდა და შედეგიც მივიღეთ", - თქვა არტეტამ.

    რთულად გამოსაცნობი არ არის, რომ ეს კომენტარი რამსდეილსაც მიემართებოდა. გასულ სეზონში იყო მატჩები, სადაც რამსდეილი რისკს უბრალოდ თავს არიდებდა და ბურთის კონტროლის მაგივრად მას იშორებდა.

    მწვრთნელი, რომლის ფილოსოფიის მთავარი ნაწილიც კონტროლია, ვერ აიტანს მეკარეს, რომელიც პრესინგს და წნეხს ვერ უძლებს. ყოველი მოშორებული ბურთი ავტომატურად ნიშნავს თამაშზე კონტროლის შემცირებასა და ტრანზიციებზე გადასვლას.

    რაიას ტრანსფერის შემდეგ, პრემიერ ლიგაში "არსენალს" საშუალოდ მოედნის ყველაზე დიდ ტერიტორიაზე აქვს კონტროლი. ირონიულია, არა!? 

    არა უნარები, არამედ ხასიათი

    რამსდეილი, შესაძლოა, უნარებით ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეც კი იყოს მსოფლიოში. ინგლისელი დიდი ტალანტის პატრონია, მაგრამ მეკარეს, პირველ რიგში, სწორი მენტალიტეტი და ხასიათი სჭირდება.

    აქ საუბარი არ არის მონდომებასა და ჟინზე, რასაც რამსდეილს ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, არამედ სტაბილურობა, კონცენტრაცია და საკუთარი თავის რწმენა.

    "თუ მთხოვთ, რომ საფეხბურთო მატჩზე 90 წუთი კონცენტრირებული ვიყო, მაშინ დამკარგავთ. მე ეს უბრალოდ არ შემიძლია. მე შეიძლება 2-3 წუთით მატჩიდან გავითიშო, შემდეგ 15 წუთით ისევ კონცენტრირებული ვიყო და ასე გაგრძელდეს ბოლომდე", - აარონმა ეს იან რაიტთან ინტერვიუში პირდაპირ, შეუფარავად განაცხადა.

    "არსენალს" გასულ სეზონში ძვირად დაუჯდა რამსდეილისგან კონცენტრაციის დაკარგვა. პირველ რიგში გვახსენდება ორი ინციდენტი "საუთჰემპტონთან" და ჯამში დაკარგული 4 ქულა. ამის გარდაც, იყო უამრავი მომენტი, სადაც აარონი დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა.

    მწვრთნელი მეკარეს შეცდომას აპატიებს, თუ ის მიღებული დავალებებით მოქმედებს, მაგრამ თუ ის სქემას გადაუხვევს და კონცენტრაციას დაკარგავს, მაშინ დიდ შარშია.

    თვალი ან სტატისტიკა გვატყუებენ

    პრემიერ ლიგის გასულ სეზონში დავიდ რაიამ იმაზე 6.18-ით ნაკლები გოლი გაუშვა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამ მხრივ, ის ჩემპიონატში მესამე საუკეთესო მეკარე იყო ალისონისა და ბერნდ ლენოს შემდეგ.

    აარონ რამსდეილმა იმაზე 3.04-ით მეტი გოლი გაუშვა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ჯამში 39 მეკარეს შორის 24-ე პოზიციას იკავებდა.

    სხვაობა ძალიან დიდია. რამსდეილის დიდებული მატჩები და გადამრჩენელი სეივები კარგად გვახსოვს, მაგრამ მან მოსალოდნელზე მეტი გოლი მიიღო საკუთარ კარში, განსხვავებით რაიასგან, რომელმაც თავისი თამაშით ბრენტფორდს ბევრი ქულა მოუტანა.

    განსხვავება არ არის მხოლოდ გაშვებული გოლების სტატისტიკაში. სხვაობა აშკარაა ბურთით თამაშში, კონკრეტულად კი პასების მაჩვენებელში.

    პრემიერ ლიგაში, იმ მეკარეებს შორის, ვინც 500+ პასი გააკეთა, სულ 3 იყო ისეთი, ვინც მოსალოდნელზე მეტი ზუსტი გადაცემა შეასრულა: ჯეისონ სტილი, ალისონი და დავიდ რაია.

    რაია სიაში მესამე საუკეთესო იყო, რამსდეილი კი ბოლო პოზიციას იკავებდა და ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა ზუსტი პასების მხრივ.

    ამის გარდა, რაიამ 568 პროგრესული პასი გააკეთა, რითიც საუკეთესო იყო მთელ ჩემპიონატში.

    კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი არის ჩაწოდებები. მიუხედავად იმისა, რომ რაიამ გამოსვლებზე შეცდომები დაუშვა, ის მთელ ჩემპიონატში მაინც საუკეთესოა და პროცენტულად მეტოქის ყველაზე მეტ ჩაწოდებას აფიქსირებს ხელებში. რამსდეილი ამაშიც ერთ-ერთ ყველაზე დაბალ შედეგზე გადიოდა.

    რაია იდეალური არ არის, მაგრამ...

    დავიდ რაიამ უკვე დაუშვა შეცდომები და დამაჯერებელი ისიც არ არის, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, არის ერთი მთავარი განსხვავება. რაია აკეთებს იმას, რაც არტეტას სურს.

    არ უნდა დავივიწყოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. არტეტას რაიას შეძენა ჯერ კიდევ 2020 წელს სურდა, სანამ რამსდეილის ტრანსფერი შედგებოდა, მაგრამ მაშინ "ბრენტფორდმა" ესპანელი მეკარის გაყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

    არტეტას #1 სამიზნე მეკარის პოზიციაზე ყოველთვის რაია იყო.

    ახლა დავიდი უდიდეს წნეხშია. ინგლისური მედია მას არ ინდობს, რამსდეილის ეროვნებიდან გამომდინარე ემირეიტების პუბლიკაც აარონის დაბრუნებას ელის. სამწუხარო იყო ბოლო ფაქტიც, როცა ჩემპიონთა ლიგაზე მოგების შემდეგ ძირითადის ყველა ფეხბურთელმა პოსტი განათავსა სოციალურ ქსელებში, გარდა რაიასი.

    ესპანელის ხასიათი არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ის არტეტას მოსწონს. ამ უდიდესი ზეწოლისა და უარყოფითი ენერგიის მიუხედავად, ის მწვრთნელის მითითებებს ასრულებს და გუნდს გამარჯვებაში ეხმარება.

    ყველაფერი რამსდეილზეა დამოკიდებული 

    აარონის გმირობები არავის დავიწყებია, თუმცა არც მისი არასტაბილური პერფორმანსები გამორჩენიათ მწვრთნელებს. რამსდეილმა უნდა ისწავლოს ემოციების კონტროლი, გამოიმუშავოს კონცენტრაციის უნარი და რაიასგან კარგი თვისებები შეიძინოს.

    რამსდეილს ყველანაირი უნარი გააჩნია, რომ იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, თუმცა იქამდე ბევრი რამ აქვს სასწავლი. "არსენალს" ისევ ის რამსდეილი სჭირდება, რომელიც იყიდა და პირველი რამდენიმე თვე უბრალოდ გასაოცარი იყო.

    არტეტას მედია ვერაფერს დააძალებს. სანამ ის ჩათვლის, რომ რამსდეილი მენტალურად მზად არ არის, ძირითადის მეკარე კვლავაც რაია იქნება, თუნდაც კიდევ შეცდომები დაუშვას.

    ახალი "არსენალი" კონტროლზე და სიმშვიდეზე არის აგებული, რასაც რაია ზუსტად ერგება, რამსდეილი კი პირიქით.

    რამსდეილმა ინგლისის თასზე ითამაშა და იქაც კი საგრძნობი იყო სხვაობა. აარონი საჭირო რისკზე უარს ამბობდა და ბურთს უბრალოდ იშორებდა ან ყველაზე მარტივ გზას ირჩევდა და საკუთარ თანაგუნდელს აქცევდა დიდ წნეხში. რაია წნეხს ყოველთვის თავის თავზე იღებს. 

    ფანებს შეუძლიათ ჰყავდეთ თავიანთი ფავორიტი ფეხბურთელები, ელიტარული მწვრთნელები კი სხვაგვარად მოქმედებენ. მათთვის სახელი არაფერს ნიშნავს.

  • 1К
  • 14-11-2023, 18:22
  • 0
  • კომენტარები [0]
    FACEBOOK კომენტარები
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
    {title}
    მსგავსი სიახლეები