შემოგვიერთდით
  • გაბრიელ ჟეზუსის უნიკალურობა - რატომ არის ბრაზილიელი "არსენალისთვის" შეუცვლელი მოთამაშე

    გაბრიელ ჟეზუსის უნიკალურობა - რატომ არის ბრაზილიელი "არსენალისთვის" შეუცვლელი მოთამაშე

    პიერ-ემერიკ ობამეიანგის დიდი უგოლო სერიისა და მატჩებში აჩრდილივით გადაადგილების შემდეგ, არსენალს ახალი ფორვარდი დასჭირდა. მისი ადგილი ალექსანდერ ლაკაზეტმა დაიკავა და ცრუ ცხრიანის როლიც მოირგო. ფრანგი მოედნის სიღრმეში ჩასვლას და სივრცეების შექმნას კარგად ახერხებდა, მაგრამ ძალიან შეზღუდული ფიზიკური მონაცემების გამო, რიგ მომენტებში არაეფექტურად გამოიყურებოდა. ლაკაზეტი ამ ახალგაზრდული და ენერგიული გუნდიდან ამოვარდნილი იყო, ამიტომაც მისი შემცვლელის მოძიებაც საჭირო გახდა. 

    ახალ ფორვარდს რამდენიმე კომპონენტი უნდა დაეკმაყოფილებინა:

    • დუელებში ძლიერი ფეხბურთელი
    • საფრთხე ბურთით და უბურთოდ თამაშისას
    • კარგი Hold Up Play
    • მაღალი დონის პრესინგი

    და, რა თქმა უნდა, გოლები. ასეთი ფეხბურთელი მსოფლიოში სულ რამდენიმეა, ერთ-ერთ მათგანს კი მიკელ არტეტასთან მანჩესტერ სიტიშიც უმუშავია. მასაც სურდა ეტიჰადის დატოვება და გუნდის შეცვლა, ამიტომ ყველაფერი დალაგდა. გაბრიელ ჟეზუსი მანჩესტერიდან ლონდონში გადავიდა, რიგითი ფეხბურთელის მაგივრად წამყვანი ფიგურა გახდა, 9-ნომრიანი მაისური მიიღო და სახეზე ღიმილიც დაუბრუნდა.

    სადებიუტო სეზონიც ზღაპრულად დაიწყო, გაბიმ გოლები გაიტანა, ასისტებიც გააკეთა, თუმცა მისი თამაში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ის, რაც მშრალ სტატისტიკაში ჩანს. უგოლო სერიაც ვიხილეთ, შემდეგ მუნდიალი, მძიმე ტრავმა, ოპერაცია და 3 თვეში დაბრუნებული ჟეზუსი, რომელსაც, ლოგიკურად, ფორმა დაკარგული ჰქონდა. ამის მიუხედავად, ცხრიანმა გოლები ისევ გაიტანა, მაგრამ ეფექტურობამ იკლო.

    2023 წლის ზაფხულის პრე-სეზონზე ჟეზუსი ისევ ის ფეხბურთელი გახდა, რომელიც არსენალმა 1 წლის წინ იყიდა. განსაკუთრებით ბარსელონასთან მატჩისას გაბიმ საუკეთესო უნარები წარმოაჩინა, მეტოქე გუნდის მცველებთან თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგო, გუნდს ენერგია შემატა, საჯარიმოში დიდი ქაოსი შექმნა და როგორც მიკელ არტეტამ შეხვედრის შემდეგ თქვა, ყველა თანაგუნდელი უკეთესი გახადა.

    სადებიუტო სეზონში, ოპერაციისა და გამოტოვებული თვეების ფონზე, ჟეზუსმა პრემიერ ლიგაში მაინც მოახერხა 11 გოლისა და 7 ასისტის მოგროვება. ბრაზილიელი ყოველ 115 წუთში ერთხელ აკეთებდა საგოლე ქმედებას, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ამის მიუხედავად, არსენალის ქომაგების ნაწილს შორის ისევ მუსირებს აზრი, რომ გუნდს ახალი ფორვარდი სჭირდება, რაც ამ ბლოგის მთავარი თემა იქნება.

    პირველ რიგში, ამ კითხვას თავიდანვე ვუპასუხოთ, რომ არსენალს არ სჭირდება ახალი ფორვარდი. შესაძლებელია ჟეზუსის პოზიციაზე გაუმჯობესება? დიახ. არის პრიორიტეტი? არა. დაჯდება შესაფერისი ტრანსფერი იაფი? ნამდვილად არა.

    არგუმენტი I - არსენალს სჭირდება მაღალი, მეორე სართულზე ძლიერი ფორვარდი.

    ამ არგუმენტის გაქარწყლება მარტივად შეგვიძლია, რადგან არსენალის შემადგენლობაში უკვე არის ასეთი ფეხბურთელი - კაი ჰავერცი. თითქოს სუსტი აღნაგობის მიუხედავად, 191 სანტიმეტრის მქონე ჰავერცმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მოგებული საჰაერო დუელებით მე-15 პოზიცია დაიკავა. მცველებს გარდა, ჰავერცზე მეტი ბრძოლა მეორე სართულზე მხოლოდ აივან ტოუნიმ და ალექსანდრ მიტროვიჩმა მოიგეს. კაის ერთი დიდი უპირატესობა აქვს, მან დუელების თითქმის 58% მოიგო, ტოუნი და მიტროვიჩი კი 50%-ზეც ვერ ავიდნენ. შესაბამისად, თუ არსენალს მეორე სართულზე ძლიერი ფორვარდი დასჭირდება, ჰავერცი უკვე ადგილზეა. ასეთი ტიპის ფორვარდებს Poacher-ებს ეძახიან, ჰავერცს კი, არც თუ ისე სტაბილური ფინიშინგის მიუხედავად, იდეალურად შეუძლია ამ როლის მორგება.


    არგუმენტი II - გუნდს სჭირდება ფორვარდი, რომელიც პრემიერ ლიგის სეზონში 20+ გოლს გაიტანს.

    პრემიერ ლიგის გასულ სეზონებს თუ გადავხედავთ, უამრავი მაგალითია, როცა ჩემპიონის მთავარ ბომბარდირს 15-16 გოლზე მეტი არ გაუტანია და ხშირად, საუკეთესო მეგოლე ფორვარდიც კი არ იყო. ყველაზე ნათელი მაგალითი 2019/20 წლების სეზონის ლივერპულია. მთავარი ფორვარდი რობერტო ფირმინო იყო, რომელმაც მხოლოდ 9 (!) გოლი გაიტანა, მაგრამ მისი სტილი ბევრად მეტს აძლევდა გუნდს, ვიდრე გოლებია. ამ არსენალისა და იმ ლივერპულის შეტევით ასპექტში შედარება ძალიან ზუსტი გამოვა, რადგან მსგავსი სისტემებია. ფორვარდს გადაადგილების თავისუფლება აქვს, შეუძლია მოედნის ნებისმიერ წერტილში გაატაროს დრო, ამ ყველაფერს კი თავიანთი პრესინგით, სივრცეების შექმნის უნარითა და მაღალი ინტელექტით აკომპენსირებენ. ფირმინო და ჟეზუსი მსგავსი ტიპის ცრუ ცხრიანები არიან, რომლებსაც განსხვავებული უპირატესობები აქვთ, მაგრამ ამ როლს მაინც თითქმის იდენტურად ირგებენ. ერთადერთი საკვანძო განსხვავება ისაა, რომ ფირმინო საგოლე შანსებს სწორი გადაადგილებით და პასებით ქმნის, ჟეზუსი კი უამრავი დუელის მოგებითა და დრიბლინგით.

    ამიტომაც, აუცილებელი არ არის, გუნდს 20+ გოლის გამტანი ფორვარდი ჰყავდეს, რათა ჩემპიონი გახდეს.

    არგუმენტი III - სიტის ერლინგ ჰოლანდი ჰყავს, გოლებში უნდა დავეწიოთ.

    2022/23 წლების სეზონში, 38 მატჩში, მანჩესტერ სიტიმ არსენალს მხოლოდ 6 გოლით აჯობა. გუარდიოლას გუნდმა 94 გოლი გაიტანა, არტეტას გუნდმა - 88. არსენალისთვის ეს პირადი რეკორდია. გუნდს პრემიერ ლიგის ერთ სეზონში 88 გოლი არასდროს გაუტანია. არსენალს ტიტული გატანილი გოლების ნაკლებობის გამო არ დაუკარგავს, ჩემპიონობა გაშვებულმა გოლებმა გადადო.

    უფრო კონკრეტულად თუ ჩავშლით, სეზონის ბოლო 10 ტურში, სიტიმ 27 გოლი გაიტანა, არსენალმა - 26. აი გაშვებულ გოლებში კი კატასტროფული სხვაობაა. სიტიმ მხოლოდ 8 გოლი მიიღო საკუთარ კარში, არსენალმა კი - 18. სტატისტიკა ყველაფერს ნათელს ხდის, არსენალი სიტისთან რბოლაში გაშვებული გოლების გამო დამარცხდა.

    ამიტომაც, პრიორიტეტი დაცვის გაუმჯობესება და საყრდენი ზონის დასტაბილურებაა. შეტევას პრობლემა არ აქვს, არსენალს უამრავი გოლი გააქვს, კიდევ უფრო მეტ მომენტს ქმნის და რაც მთავარია, პოტენციალი წარმოუდგენლად დიდია. ახალგაზრდა ვინგერებს გამოცდილება ემატებათ, ჰავერცი თავისი შერბენებით სულ სხვა უპირატესობას იძლევა, რასაც ყველა გუნდი უნდა უფრთხოდეს, ჟეზუსი უფრო თავდაჯერებული იქნება, ტროსარს სრული სეზონი ელის წინ, მათ გარდა კი კიდევ ბევრი გოლი არის გუნდში.

    ძირითადი არგუმენტები ეს არის, ახლა კი შეგვიძლია უშუალოდ გადავინაცვლოთ იმ საკითხზე, რა უპირატესობას ქმნის გაბრიელ ჟეზუსი და რატომ არის ის უნიკალური ფეხბურთელი.

    ამას ხშირად ამბობენ მოთამაშეებზე, მაგრამ ჟეზუსის შემთხვევაში დანამდვილებით სიმართლეა - მისი მსგავსი ფორვარდი მსოფლიოში არ არსებობს. უმაღლესი დონის ტექნიკური მონაცემები, ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერი, 1-1ზე თამაშის სპეციალისტი, პრესინგზე ვერავინ შეედრება, დაცვას მუდამ ეხმარება, შეტევის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში, საჯარიმოში შეპარვა კარგად ეხერხება, ხედავს პასებს, რომლებსაც სხვები ვერც ამჩნევენ, ხდის თანაგუნდელებს აშკარად უკეთესს, მომაკვდინებელია ტრანზიციებში, არანაკლებ საშიშია დამდგარ თამაშში და თანაც, ამ ყველაფერს ბრაზილიური სამბას სტილში აკეთებს.

    გაბის მინუსი ნამდვილად არის ფინიშინგი, ამას ვერ გავექცევით, მაგრამ მისი ყველა სხვა უნარი აბალანსებს ამას. პრობლემა მხოლოდ ერთი რამ არის. ფეხბურთში ფორვარდი წარმოდგენილია ფეხბურთელად, რომელმაც უბრალოდ შანსები უნდა გამოიყენოს და გოლები გაიტანოს, თუმცა თანამედროვე ფეხბურთი ამისგან უკვე ძალიან შორს არის. ფორვარდს მხოლოდ გოლების გატანა არ ევალება, მას ბევრად მეტი ფუნქცია აქვს. პიერ-ემერიკ ობამეიანგის ცუდი პერიოდის შემყურე ქომაგებს კი ნამდვილად კარგად უნდა ახსოვდეთ, რას ნიშნავს ფორვარდი, რომელიც საჯარიმოში თავის შანსს ელოდება და მეტს არაფერს აკეთებს. იმ ფორმის ობამეიანგს ლაკაზეტმაც კი აჯობა, რომელსაც მინდორრზე 45 წუთზე მეტი დროის გატარება ფიზიკურად არ შეეძლო, ჟეზუსზე ლაპარაკი კი ზედმეტია.

    რა აქცევს ჟეზუსს უნიკალურ მოთამაშედ?

    "როდესაც ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც ირბენენ ბევრს მაღალი ინტენსივობის მატჩში და ითამაშებენ პრესინგს დაუღლელად, მაშინ გაბრიელ ჟეზუსი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია", - ეს ფრაზა, არც მეტი, არც ნაკლები, თავად პეპ გუარდიოლას ეკუთვნის. ჟეზუსის უნარებს შორის, პირველ რიგში, სწორედ ეს უნდა გამოვყოთ.

    რა აქცევს არსენალს განსაკუთრებულ გუნდად? მაღალი პრესინგი, განსაკუთრებული ინტენსივობა, ხშირი როტაციები და ბურთის სწრაფად დაბრუნების უნარი. ჟეზუსი ყველა ამ ასპექტში მსოფლიოში გამორჩეული ფეხბურთელია. ამას დავუმატოთ ისიც, რომ გაბის შესანიშნავად შეუძლია დუელების მოგება და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ფიზიკურად არც თუ ისე დიდია, მეტოქე მცველების დაბულინგება კარგად გამოსდის, რისი მაგალითიც უკვე ბევრჯერ ვიხილეთ.

    რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მას პრესინგი მოედნის ყველა ზონიდან შეუძლია. გაბის ცენტრალური ფორვარდის ან მარჯვენა/მარცხენა ვინგერის პოზიციაზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, შესაბამისად ადაპტაცია არ სჭირდება. თუ საჭირო გახდება, ის ნებისმიერ ფლანგზე გადავა ან მეტოქეს სულაც თავის საჯარიმომდე ჩაჰყვება. ისიც უნდა ვთქვათ, რომ მისი ეს პრესინგი 90 წუთი ჩართულია. ჟეზუსი მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი ფეხბურთელია, ყველა თანაგუნდელს მაგალითს აძლევს და საბოლოოდ, ასე იქმნება არსენალის მომაკვდინებელი პრესინგი.

    როტაცია, როტაცია, როტაცია...

    არსენალის შეტევის მთავარი იარაღი არაპროგნოზირებადობა არის. შეიძლება, ყველა შემტევი ერთ ფლანგზე იყოს, შეიძლება ვინგერებმა ადგილები გაცვალონ, შეიძლება რვიანი ფორვარდი გახდეს და ფორვარდი რვიანი და კიდევ უამრავი სხვა. არსენალის შემტევის ინდივიდუალურად გაკონტროლება წარმოუდგენელია, რადგან მათთვის ფიქსირებული პოზიცია არ არსებობს.

    ასეთ დროს, ყველაზე რთული საქმე ფორვარდს აბარია. შეიძლება, მას მოუწიოს კონკრეტული პოზიციის შევსება, სიღრმეში ჩასვლა, ფლანგზე გადაწევა და თანაც, ყველა ამ პოზიციაზე შესაბამისად კარგად შეძლოს თამაში. მსოფლიოში რამდენი ფეხბურთელი გვეგულება, რომელიც ყველა ამ დავალებას შეასრულებს? მგონი, არც თუ ისე ბევრი.

    არსენალის ლამაზ სტილს ასეთი როტაციები და პოზიციების ხშირი ცვალებადობა განაპირობებს, ჟეზუსი კი სისტემის ფუნდამენტალური ნაწილია. ბარსელონასთან მატჩში ვიხილეთ მომენტები, როცა ჟეზუსი მარცხნივ იყო და ფორვარდის პოზიცია ჰავერცს დაუთმო, ან პირიქით, მარჯვენა ვინგერად გადაიწია და საკას გაუცვალა ადგილი.

    განვიხილოთ საპირისპირო სიტუაცია, რა მოხდებოდა, თუ გუნდს არ ეყოლებოდა ასეთი მოძრავი ფორვარდი? საკა და მარტინელი შედარებით მარტივად გასანეიტრალებლები გახდებოდნენ, რვიანების შერბენებს დიდი აზრი არ ექნებოდა, თუ ფორვარდი უბრალოდ საჯარიმოში იდგებოდა და ჯამში, გუნდში გოლების რაოდენობა მკვეთრად დაიკლებდა.

    დიახ, დიდი ალბათობით, ასეთი ფორვარდი ჟეზუსზე 10 ან სულაც 15 გოლით მეტს გაიტანდა, მაგრამ როგორ აისახებოდა ეს გუნდის ჯამურ გოლებზე? ძალიან დიდი ალბათობით, ნეგატიურად. ფეხბურთი გუნდური თამაშია, სადაც მხოლოდ 1 ფეხბურთელის გოლები არაფერს ნიშნავს, თუ მის გარშემო სხვა მოთამაშეების კონტრიბუცია მკვეთრად იკლებს.

    ელიტარული ფასილიტატორი

    ჟეზუსის ამ უნარის ერთი დამამტკიცებელი ვიდეო უკვე იხილეთ ამ ბლოგში. გაბი მაღალ ბურთს მარტივად იმორჩილებს, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ზურგზე აწვება. ტრიალდება კარისკენ, რამდენიმე ფეხბურთელს მარტივად იშორებს და გუნდისთვის საგოლე შანსს ქმნის. ჟეზუსი ამ ასპექტში მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია.

    ჟეზუსს არ აქვს ერთი კონკრეტული მოძრაობა, რისი დახმარებითაც ატყუებს მცველებს. ის კლასიკური ბრაზილიელია, მისთვის ფეხბურთი შოუა, სადაც თავისი პერფორმანსი უნდა დადგას. გაბიმ ემირეიტებზე ჟოგა ბონიტო ჩაიტანა. თუ მოისურვებს, მეტოქეს ბურთს ფეხებს შორის გაუძვრენს, ან თავზე გადაუგდებს, ან ბურთს სულაც არ შეეხება და ისე მოატყუებს.

    დრიბლინგი ერთი ნაწილია, ფიზიკურობა კი კიდევ მეორე. მცველების დიდი ნაწილისთვის, ჟეზუსთან ორთაბრძოლაში ჩართვა დიდი თავის ტკივილია. ბრაზილიელს გრავიტაციის დაბალი წერტილი აქვს, ამიტომაც ბალანსის დაცვა იდეალურად შეუძლია, მეტოქეს მისივე ძალით უპირისპირდება და ხშირად, დუელებში გამარჯვებული რჩება.

    გაბი არ არის ფეხბურთელი, რომელიც დრიბლინგის შემდეგ მხოლოდ დარტყმაზე ფიქრობს, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულად აქცევს. არსენალის მყარი სისტემის დამსახურებით, მან კარგად იცის, რომელი ფეხბურთელი სად ელოდება, ამიტომაც პასების გაკეთება და გოლების ასე შექმნაც არ არის პრობლემა.

    იდეალური ფეხბურთელი ჟეზუსიც არ არის, ერთი მინუსი ამ ასპექტშიც აქვს. რიგ შემთხვევებში, მას მომენტის "გადამლაშება უყვარს" და ზოგჯერ, დარტყმის მომენტს კარგავს. ფინიშინგი ერთ-ერთი ყველაზე რთულად სასწავლი უნარია და ბევრ მწვრთნელს უთქვამს, რომ ეს არა გამომუშავებული თვისება, არამედ ადამიანის ინსტიქტია. როცა მეკარის პირისპირ ხარ, უკან რამდენიმე მცველი გიდგას და ასი ათასობით ადამიანი გიყურებს, იქ ბევრ რამეზე ფიქრს ვეღარ ასწრებ. საქმეში ინსტიქტები ერთვება, შესაბამისად, მომენტის დაგვირგვინების უნარი ან გაქვს, ან არა. 

    რომ დავუბრუნდეთ ფასილიტატორობის ნაწილს, გაბის შეუძლია გახსნას თამაში, ჩაკეტილ სივრცეებში (რაც პრემიერ ლიგაში ხშირია) იპოვოს ნაპრალი საკუთარი თავისთვის ან თანაგუნდელისთვის და გუნდს თამაში მოაგებინოს. მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ტრანზიციებშიც და დამდგარ ფეხბურთშიც ერთნაირად ეფექტურია, გაბი კი ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად არის.

    დიდი მატჩების ფეხბურთელი

    რატომღაც, ბევრი ივიწყებს იმას, თუ რა კარგად გამოიყურება ჟეზუსი დიდ შეხვედრებში. არსენალთან ერთად, გაბიმ:

    • გაუტანა ტოტენჰემს ემირეიტებზე წინ გამყვანი გოლი
    • მოიპოვა ლივერპულთან ემირეიტებზე მატჩის მომგები პენალტი
    • გაუტანა ლივერპულს ენფილდზე გოლი
    • გაუტანა ჩელსის ემირეიტებზე გოლი

    ხოლო მისი პერფორმანსები ოლდ ტრაფორდზე და სტემფორდ ბრიჯზე საუბარს საერთოდ არ საჭიროებს. ორივე ამ მატჩში გაბი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, განსაკუთრებით კი ჩელსისთან. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩში არსენალმა ერთადერთი გოლი სწორედ ჟეზუსის მოპოვებული კუთხურიდან გაიტანა. კიდევ უფრო ირონიულია ის, რომ გაბიმ ეს კუთხური არაფრიდან მოიპოვა. პრესინგით ტიაგო სილვას პასის ზონა გადაუკეტა, შემდეგ მიეპარა, ბურთი მოპარა და კუთხურიც მისსავე დარტყმას მოჰყვა.

    გაბის ჩემპიონთა ლიგაზე 26 მატჩი აქვს ძირითად შემადგენლობაში დაწყებული, სტატისტიკა კი არანორმალურია - 20 გოლი, 3 საგოლე გადაცემა. ამის გარდა, მას უამრავი მაღალი დონის პერფორმანსი აქვს ჩატარებული მნიშვნელოვან მატჩებში რეალთან, პსჟ-სთან და კიდევ სხვებთანაც.

    არსენალისთვის საუკეთესო

    საბოლოოდ, ერთი რამ უნდა გამოვკვეთოთ. გაბრიელ ჟეზუსი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი არ არის. შეიძლება, ბევრისთვის უმაღლესი დონის ფორვარდების სიაშიც არ არის, მაგრამ აქ სულ სხვა რამეზეა საუბარი. ჟეზუსი კონკრეტულად არსენალისთვის საუკეთესოა. მისი ყველა უნარი იდეალურად ერგება არტეტას ფილოსოფიასა და სათამაშო სისტემას. მისი მსგავსი ჰიბრიდული შემტევი არ არსებობს, რომელსაც ერთნაირად კარგად შეუძლია თავდასხმაც და თავდაცვაც, რის გამოც არის უნიკალური.

    ჟეზუსი რომ ბევრ მომენტს აფუჭებს, ეს ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ის კიდევ უფრო მეტ მომენტს ქმნის. მასთან ერთად, ყველა ფეხბურთელი ბევრად უკეთესი და მონდომებული ხდება, რადგან წინ ჰყავთ ფორვარდი, რომელიც ყველა დუელში თავით გადაეშვება და მეტოქეს იქამდე გაეკიდება, სანამდეც საჭირო იქნება.

    კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ფრაზა - ფეხბურთი არის გუნდური სპორტი. თამაში უნდა გავიაზროთ, როგორც კოლექტივის და არა ინდივიდუალის მუშაობა. შეტევას ყველაზე დიდი შეთამაშება და სწორად დაბალანსება სჭირდება. როცა გუნდში გაბრიელ მარტინელისა და ბუკაიო საკას დონის ვინგერები არიან, მათ სჭირდებათ ფორვარდი, რომელიც ბევრს იშრომებს, თამაშში ფეხს აუწყობს, სივრცეებს შეუქმნის და თავადაც გაიტანს გოლებს. საკასა და მარტინელის სჭირდებათ ფორვარდი, რომელიც მათ მოერგება და არა პირიქით, ისინი მოერგებიან მას. 

    "თუ გინდა ითამაშო კარგად, გჭირდება საუკეთესო ფეხბურთელები, მაგრამ მათ ყოველთვის აქვთ ეფექტურობის პრობლემა. საუკეთესო ფეხბურთელებს სურთ ითამაშონ უფრო ლამაზად, ვიდრე საჭიროა", - იოჰან კრუიფის ეს გამონათქვამი ჟეზუსს ძალიან კარგად ესადაგება.

    და მაინც, ვინ შეიძლება შეცვალოს ჟეზუსი?

    ფეხბურთში პროგრესი მუდამ შესაძლებელია, შესაბამისად გაბი ჟეზუსის შემცვლელიც მოძებნადია, მაგრამ ეს საკმაოდ რთული საკითხია. არსენალი ახლა სულ სხვა დონეზე გადავიდა, ამიტომ თუ გუნდი ახალ ფორვარდს იყიდის, მისგან კიდევ უფრო მეტი რამ არის საჭირო:

    • მაღალ პრესინგზე თამაში
    • მოედნის სხვადასხვა ზონებში თამაშის უნარი
    • ორთაბრძოლებში ძლიერი
    • მომენტების კარგი რეალიზაცია
    • ხაზებს შორის გადაადგილება
    • კარგი Hold Up Play
    • ტრანზიციებში სწრაფი
    • მშრომელი

    საინტერესოა, რომ ყველა ამ უნარს, გარდა მომენტებს კარგად რეალიზაცისაა, კაი ჰავერციც აკმაყოფილებს და შეიძლება ვიფიქროთ, რომ გერმანელი ნელ-ნელა გუნდის ახალი ფორვარდი გახდება ან მინიმუმ ზოგიერთ მატჩში მაინც იქნება ამ პოზიციაზე. ისიც უნდა ვთქვათ, რომ მომენტების რეალიზაციას ხშირად არასწორად ვუყურებთ. ვინ აფუჭებს ყველაზე მეტ მომენტს? ვისაც ყველაზე მეტი მომენტი ექმნება. რეალური პრობლემა ისაა, როცა ფეხბურთელს შანსები არ ეძლევა. მაშინ, ნამდვილად ხდება რაღაც არასწორად. 

    მსოფლიოში სულ რამდენიმე ფეხბურთელია, რომელიც ამ უნარებს აკმაყოფილებს, მათი სატრანსფერო ფასი კი ძალიან მაღალია ან ჯერ მხოლოდ პოტენციალით ფასდებიან.

    პირველი მათგანი ვიქტორ ოსიმენია, რომელიც ნაპოლისთან ახალ კონტრაქტსაც აფორმებს და მსურველს მისი ყიდვა მინიმუმ 120-130 მილიონი მაინც დაუჯდება. ნიგერიელის ერთადერთი პრობლემა ტრავმებისკენ მიდრეკილებაა, სხვა მხრივ კი ნამდვილად საუკეთესო კანდიდატია. ოსიმენს აქვს შესაძლებლობები, რომ არსენალი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანოს, მაგრამ ამ ტრანსფერის წარმოდგენა ძალიან რთულია.

    მეორე მათგანი ბრაიტონის ახალგაზრდა ფორვარდი ივან ფერგიუსონია. ირლანდიელი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ უკვე შესანიშნავად თამაშობს და ყველა საჭირო თვისებას ავლენს. ჰარი კეინის სათამაშო სტილის მოყვარულებს ფერგიუსონი განსაკუთრებით მოეწონებათ, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ივანი ზუსტად ჰარის მსგავსად თამაშობს, ამიტომაც წარმოუდგენელი პოტენციალი გააჩნია.

    კიდევ ერთი ახალგაზრდა კანდიდატია ბენჟამინ შეშკო, თუმცა მას შესაძლებლობები დასამტკიცებელი აქვს. სლოვენიელი მხოლოდ ახლახანს გადავიდა ლაიფციგში და ჯერ კიდევ გამოსავლენი აქვს, თუ რა შეუძლია. შეშკოს გასაოცარი მონაცემები გააჩნია, თუმცა პროფესიონალურ და მაღალი დონის ფეხბურთში პირველი ნაბიჯების გადადგმა ძალიან რთული საქმეა.

    კიდევ ერთი კანდიდატი იქნებოდა ალექსანდერ ისაკი, თუმცა მისი ნიუკასლიდან ტრანსფერი ფაქტობრივად წარმოუდგენელია. არსენალს ჰქონდა შვედი თავდამსხმელის დამატების მცდელობა, რაც არ გამოუვიდა. ისაკი მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გარკვეულ ასპექტებში სისუსტის მიუხედავად, ძალიან სახიფათო ფეხბურთელია.

    და ბოლოს, ცოტა პარადოქსია, მაგრამ არსენალს კიდევ ჰყავს ერთი ფეხბურთელი, რომელიც ყველა ამ კომპონენტს მოიცავს - გაბრიელ მარტინელი. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, მარტინელი რამდენიმე წელში ცენტრალური ფორვარდი გახდება და ეს აზრი რეალობისგან შორს არ არის. გაბიმ ფლანგზე ძალიან საჭირო გამოცდილება და ცოდნა მიიღო. მას შეუძლია ყველა მოთხოვნის შესრულება და თანაც, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფინიშერია.

    ასე რომ, არსენალს ფორვარდის შეძენა არ ეჩქარება. გაბი ჟეზუსი გუნდის სუსტი წერტილი არ არის, არამედ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, 2024 წლის ზაფხულში არსენალი ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს სწორედ შეტევაში გააკეთებს, მაგრამ ვინ იქნება მიკელ არტეტას რჩეული, ძალიან რთული გამოსაცნობია.

  • 1.1К
  • 29-07-2023, 08:52
  • ახალი ამბები
  • 0
  • კომენტარები [0]
    FACEBOOK კომენტარები
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
    {title}
    მსგავსი სიახლეები