შემოგვიერთდით
  • კონტროლირებული აგრესია - არტეტას მომდევნო ნაბიჯი არსენალის განვითარებისთვის

    კონტროლირებული აგრესია - არტეტას მომდევნო ნაბიჯი არსენალის განვითარებისთვის

    პრემიერ ლიგის 2022/23 სეზონის დასასრულს მიკელ არტეტა განრისხებული იყო და პრესკონფერენციებზე ისე საუბრობდა, როგორც იქამდე არასდროს. ესპანელმა მწვრთნელმა ვერ აიტანა, რომ მისმა გუნდმა ტიტული ხელიდან გაუშვა და ჩემპიონობა ვერ იზეიმა.

    სეზონის დასკვნითი მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე არტეტამ საინტერესო ფრაზა წარმოთქვა, რითიც ნათელი გახდა - არსენალში დიდი ცვლილებები იწყებოდა.

    "ჩვენ შესანიშნავი საფუძველი გვაქვს და ნამდვილად გავხდით კონკურენტუნარიანი გუნდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, დროა დავაჭიროთ გადატვირთვის ღილაკს ხელი და ახლიდან დავიწყოთ.

    ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო სწრაფები და დაუნდობლები, რადგან განზომილება, რომელიც ახლა იხსნება, უფრო დიდია, სხვაობები კი ძალიან მცირე, ამიტომ ჭკვიანები უნდა ვიყოთ", - სეზონი არტეტამ ამ ფრაზით დაასრულა.

    რას გულისხმობდა მიკელი, რა გვიჩვენა ახალი სეზონის სტარტმა და რის განხორციელებას ცდილობს არტეტა, ამ მცირე ბლოგის თემა სწორედ ეს იქნება.

    დაწყევლილი მატჩები...

    არსენალს პრემიერ ლიგის ტიტული არც ენფილდზე, არც ეტიჰადზე და არც სითი გრაუნდზე დაუკარგავს. არსენალმა ტიტულს ცალი ხელი ლონდონ სთედიუმზე გაუშვა, საბოლოოდ კი ემირეიტებზე, საუთჰემპტონთან შეხვედრაში დაკარგა.

    არსენალს გოლის გატანის პრობლემა არ ჰქონია, მატჩის დიდ ნაწილში თავსაც კარგად იცავდა, მაგრამ შეხვედრის კონტროლი რეალური პრობლემა იყო. გუნდმა ზედიზედ 2-ჯერ დაკარგა 2-ბურთიანი უპირატესობა და ორივე ამ მატჩში ნათლად გამოჩნდა, რომ არსენალს მხოლოდ ერთ ტემპში შეეძლო თამაში.

    ჩემპიონსა და მეორე ადგილოსანს შორის მთავარი განსხვავება სწორედ ეს იყო. მანჩესტერ სიტი გატანილი გოლის შემდეგ ბურთს ისე ექცეოდა, რომ მეტოქეს შანსს არ აძლევდა, არსენალი კი პირიქით, მოწინააღმდეგეს შანსებს ჩუქნიდა, რის გამოც გუნდმა ქულები, საბოლოოდ კი ტიტული დაკარგა.

    არტეტასთვის ყველაზე მტკივნეული სწორედ ეს მატჩები იყო, რადგან ყველაფერი მისი საფეხბურთო ფილოსოფიის წინააღმდეგ მიდიოდა, ამიტომაც გადატვირთვის ღილაკს დააჭირა ხელი და არსენალისთვის ახალი გზის გახსნა დაიწყო.

    პარტეიმ არტეტას იმედები გაუცრუა, თანაც ძალიან...

    ვესტ ჰემი 0:2 არსენალი, მატჩის 33-ე წუთი. ლონდონურ დერბის მეთოფეები ძალიან მარტივად იგებენ და ლივერპულთან დაკარგული საჭირო ქულების შემდეგ გუნდი სწორ გზაზე ბრუნდება, მაგრამ, 33-ე წუთი.

    ტომას პარტეი ბურთს მოედნის ცენტრში იღებს და ტექნიკური მოძრაობით ცდილობს დეკლან რაისის ჩამოცილებას. არ გამოსდის. რაისმა პენალტი მოიპოვა, ბენრაჰმამ გაიტანა, მომენტუმი ვესტ ჰემის მხარეს გადავიდა.

    არსენალისთვის მშვიდი გზა მოგებისკენ ქაოტური გახდა, რადგან ტომას პარტეიმ არასწორ მომენტში სცადა არასაჭირო მოძრაობის გაკეთება, რაც არ გამოუვიდა. 2:2.

    არსენალი 3:3 საუთჰემპტონი, 98-ე წუთი. არსენალი მატჩის გადარჩენას ცდილობს, საუთჰემპტონი დიდ წნეხშია და საჯარიმოდან გამოსვლას ვერ ახერხებს. ტომას პარტეი ბურთს მოედნის ცენტრალურ ზონაში, საჯარიმოდან მოშორებით იღებს და გარშემო უამრავი ვარიანტის მიუხედავად, უბრალოდ ურტყამს. ცაში. შორს.

    არსენალის სხვა ფეხბურთელებმა გაბრაზება ვერ დამალეს. წმინდანებმა კიდევ ბევრი წამი მოიგეს და წნეხიც შემცირდა, არსენალმა კი ოქროს მომენტი გაანიავა, რადგან ტომას პარტეიმ თავისი აგრესია ვერ გააკონტროლა.

    მიკელ არტეტასთვის ეს ორი მომენტი გადამწყვეტი იყო, რათა დაენახა, რომ მას არ სჭირდება ექვსიანი, რომელიც მუდამ აგრესიულად ითამაშებს, ხაზებს შორის პასების გაჭრას შეეცდება, პროგრესულად განავითარებს ბურთს, მაგრამ ამ ყველაფერს რისკის ხარჯზე გააკეთებს. არსენალს სჭირდება ექვსიანი, რომელიც თამაშს დაამშვიდებს, იგრძნობს, როგორი ტემპია საჭირო, დაიცავს დიდ არეალს, თუ საჭიროა, შეუტევს კიდეც.

    შეგვიძლია გავიხსენოთ ნიუკასლთან შეხვედრა, სადაც ფიზიკური მონაცემებით ძალიან შეზღუდულმა ჟორჟინიომ სენტ ჯეიმს პარკზე პირადად ტომას პარტეის აჩვენა, თუ როგორ უნდა გააკონტროლო შეხვედრა და ითამაშო, როგორც ელიტარულმა ექვსიანმა.

    დეკლან რაისი, არსენალის ახალი გზის ცენტრალური ფიგურა...

    ჟორჟინიო კარგი კანდიდატია, მაგრამ არა სრული სეზონისთვის, ამიტომაც, არსენალს ახალი ექვსიანი დასჭირდა. ვინ არის ისეთი, ვისაც შეუძლია დაიცვას დიდი ზონები, ფიზიკურად თითქმის ნებისმიერი ფეხბურთელი დაჯაბნოს, იყოს ძალიან ტექნიკური, თანაც მშვიდი, არ აიღოს უაზრო რისკები თავის თავზე და თუ საჭირო გახდა, შეტევაშიც კომფორტულად ითამაშოს.

    სერიოზული სამძებრო სამუშაოები საჭირო არც იყო. არტეტას ასეთი ნახევარმცველი უკვე დიდი ხნის წინ ჰყავდა ნაპოვნი და შერჩეული დეკლან რაისის სახით. ესპანელი მწვრთნელისთვის დეკლანის ტრანსფერი გადამწყვეტი იყო. თანაც, იცით რა დონეზე გადამწყვეტი? რაისის გარეშე არსენალი წინ ვერ წავიდოდა. არ იქნებოდა რაისი, არ იქნებოდა არსენალის პროგრესული გზა.

    დეკლანი არტეტასთვის საოცნებო ფეხბურთელი იყო არა მარტო სათამაშო უნარების, არამედ მისი ხასიათის, მენტალიტეტის გამო. შეიძლება, ტომას პარტეი ბურთზე თამაშით დეკლანს აღემატებოდეს კიდეც, მაგრამ ბურთით თამაში განა მხოლოდ პასები და მოძრაობები როდია. სწორი გადაწყვეტილებები, მომენტის არჩევა, თამაშის პულსის გაგება, ამ ყველა კომპონენტში რაისი პარტეის ბევრად უსწრებს. პრინციპში, არა მხოლოდ პარტეის.

    მანჩესტერ სიტის, ანუ გამარჯვების მეთოდი...

    ვერ დავმალავთ, ეს ნამდვილად არის ის, რასაც არტეტა მანჩესტერ სიტისგან იღებს. გუნდისგან, რომელმაც ტრიპლეტი მოიგო, ევროპაში არავინ დაინდო და უბრალოდ, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექტივი გახდა. გუარდიოლასთვის გარდამტეხი მომენტი იყო, როცა მიხვდა, რომ მხოლოდ აგრესიით არაფერი გამოვა. თუ საჭიროა, გუნდი მეორე ნომერიც უნდა გახდეს, დაიცვას თავი, აკონტროლოს თამაში (თუნდაც ეს საშინლად მოსაწყენი იყოს) და მივიდეს გამარჯვებამდე მშვიდად.

    არსენალიც ამ გზაზეა, თუმცა ჯერ მხოლოდ დასაწყისია. არსენალისთვის ამ გზის გავლა უფრო რთულიც იქნება, რადგან არტეტას პრემიერ ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა ჰყავს. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ფეხბურთელებმა თამაშის მიმართ მიდგომა უნდა შეცვალონ. მაგალითად, ბუკაიო საკა და გაბი მარტინელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული, შემტევი ვინგერები არიან, ახლა კი ხშირად მოუწევთ მატჩის კალაპოტთან მორგება.

    ამ საქმის გასამარტივებლად დასჭირდა მიკელ არტეტას დეკლან რაისის, კაი ჰავერცისა და იურიენ ტიმბერის ტრანსფერები. სამივე მოთამაშე ხასიათით მშვიდი, ნაკლებ აგრესიული და კონტროლირებულია. იშვიათად ნახავთ, რომ რომელიმე მათგანი განრისხებული, გაცოფებული ან რაიმე მსგავს მდგომარეობაში იყოს. სამივემ იცის, როდის არის საჭირო აჩქარება ან პირიქით, შენელება. ისინი აკონტროლებენ, პირველ რიგში, საკუთარ ხასიათს და შესაბამისად, აკონტროლებენ მატჩს.

    მძიმე დასაწყისი, მაგრამ ფაზლის ნაწილი...

    ვერ მოვიტყუებთ თავს და ვერ ვიტყვით, რომ კაი ჰავერცის არსენალური კარიერა კარგად იწყება, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. კარგად დავიწყებული პოზიცია, ახალი გუნდი, ახალი თანაგუნდელები და განადგურებული თვითრწმენა. ჰავერცს დრო დასჭირდება, ისევე, როგორც დასჭირდათ მარტინ ოდეგორს, ბენ უაითს, აარონ რამსდეილსა და სხვებს. ედი ნკეტია და ფაბიუ ვიეირა გუნდიდან არა თუ უბრალოდ გაშვების, არამედ გაგდების კანდიდატებიც იყვნენ, მაგრამ დღეს სიტუაცია სრულიად საპირისპიროა. ადაპტაცია დროს მოითხოვს, გამონაკლისი კაიც არ არის.

    არტეტამ არ აირჩია ჯეიმს მედისონი, დომინიკ სობოსლაი თუ სხვა შემტევი ტიპის ნახევარმცველი სწორედ ამ მიზეზის გამო. ისინი ხასიათით აგრესიული, მუდამ შეტევაზე მომართული ფეხბურთელები არიან. მათთვის ბურთის მიღება არა თამაშის კონტროლს, არამედ ახალი შეტევის დაწყებას ნიშნავს. ჰავერცი მათგან სწორედ ამით განსხვავდება. კაი მშვიდად თამაშს ამჯობინებს, მოედნის ცენტრალურ ზონაში თავის თავზე ბევრს არ იღებს და ამჯობინებს, რომ საჯარიმოს მიდამოებში გარისკოს.

    ჰავერცს ამ როლის შესასწავლად დრო აუცილებლად დასჭირდება, რადგან ეს არ არის ბოლომდე ის, რასაც გერმანელი ლევერკუზენში თამაშობდა. მას კიდევ განსხვავებული როლი მიეცა, უკვე სხვა დავალებებით. მეტი დაცვითი ქმედება, მეტი გადაადგილება უბურთოდ, ხაზებს შორის და საჯარიმოში გვიანი შერბენები. 

    "კაის მანჩესტერთან მატჩის წინ ვუთხარი, რომ ზოგჯერ დასაწყისი ძალიან რთულია. როდესაც ჩემს მეუღლეს პირველად შევხვდი, თავიდან მისი დაპყრობა ძალიან მიჭირდა. რთული იყო, მაგრამ ვცდილობდი. ვწერდი, ვპატიჟებდი და საბოლოოდ, მან მითხრა, რომ კი, ჩვენ ერთად ვიქნებოდით. მცდელობების შემდეგ, ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო", - არტეტამ ასეთი კომენტარი გააკეთა იუნაიტედთან მატჩის შემდეგ ჰავერცის სიტუაციაზე.

    ჰავერცის მშვიდი ნატურა და ფეთქებადი მომენტები არსენალს ძალიან სჭირდება.

    ვიეირას ინტეგრაცია აუცილებელი ხდება...

    ასეთ გარემოში არსენალს მოედანზე სჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც თანაც მშვიდად თამაშობენ და თანაც, ერთი პასით ან დარტყმით შეუძლიათ მატჩის ბედის შეცვლა. ანუ, ფაბიუ ვიეირა. არტეტამაც არ დამალა, ფაბიუ ამ სეზონში სულ სხვა ფეხბურთელია. ის არც ფიზიკურად განვითარებულა და არც ფეხბურთი უსწავლია ახლა. უბრალოდ, ის თამაშს განსხვავებულად უდგება.

    ვიეირას მონაცემები ეჭვს ქვეშ არასდროს ყოფილა, მას მხოლოდ ხასიათის განვითარება და შესაფერისი მენტალიტეტი სჭირდებოდა. ფაბიუ შეიცვალა, ახლა მას სურს, რომ ბურთი მუდამ თან ჰქონდეს, იღებს რისკებს და თამაშობს ისე, როგორც უნდა ითამაშოს. ფაბიუ არტეტას სერიოზულად დააფიქრებს თერთმეტეულის შეცვლაზე და თამაშობს ისე, რომ მიკელს ძირითადში დაყენებას აიძულებს.

    ფაბიუს გამორჩეული უნარი ის არის, რომ მინდორზე დიდ ზონებზე ახდენს გავლენას. მისთვის არ არის პრობლემა შორეული გადაცემების დარიგება, ვინგერისთვის გარედან ან შიგნიდან ჩარბენების გაკეთება, ხოლო თუ მას მეტოქე დასარტყმელ ან ჩასაწოდებელ სივრცეს მისცემს, ესე იგი მათ საკუთარი თავი ეზიზღებათ. ამიტომაც, ასეთი ვიეირა არსენალის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. 

    მთავარი მენტალიტეტი, მაგრამ არა ერთადერთი...

    არტეტას ბიჭებისთვის, ამიერიდან, მთავარი დავალება მოედანზე სიმშვიდის შენარჩუნება და შეხვედრის სრული კონტროლია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდი სხვანაირად თამაშს არ აპირებს. მიკელის მთავარი იდეა ალბათ სწორედ ის არის, რომ არსენალს ერთნაირად კარგად შეეძლოს ნელი და სწრაფი ფეხბურთის თამაში.

    სეზონის პირველი 4 მატჩი ამის დასტურია. თვალის ტესტი ამბობს, რომ არსენალს ცუდი მატჩები ჰქონდა, ღრმად ჩაშლილი სტატისტიკა კი სრულიად საპირისპიროს ამბობს. არსენალს ამ ოთხ მატჩში ბევრად მეტი კონტროლი, მოსალოდნელი გოლები, ნაკლები მოსალოდნელი გაშვებული გოლი, მოედნის დაფარვის ზონა და ეფექტურობის მაჩვენებელი ჰქონდა, ვიდრე გასული სეზონის პირველ 4 ტურში.

    როგორ შეუძლია არსენალს სწრაფი ფეხბურთის თამაში, ეს კარგად ვიცით, ახლა კი გუნდი სხვა ეტაპზე გადადის და სხვა თამაშს სწავლობს. არსენალმა უნდა ისწავლოს აგრესიის გაკონტროლება, არ სცადოს მუდამ შეტევის ფორსირება, არ ითამაშოს მუდმივი მაღალი პრესინგი, დაელოდოს თავის შანსს და საბოლოოდ, წაიყვანოს თამაში თავისი გზით.

    ალბათ, ქომაგებისთვის ეს არ არის ყველაზე სასიამოვნოდ საყურებელი. არსენალი ერთ-ერთი ყველაზე ლაღი გუნდიდან ნელ-ნელა ყალიბდება გუნდად, რომელიც მატჩის სიჩქარეების შეცვლას იწყებს. არტეტას არ სურს მისი გუნდი იყოს ლივერპულული მძიმე მეტალის შემსრულებელი, მას პეპის კლასიკური მუსიკა ურჩევნია.

    არტეტას ცდილობს არსენალს რამდენიმე სიჩქარე ჰქონდეს. თუ საჭირო გახდება, გუნდი მოუმატებს, თუ საჭირო იქნება - მოუკლებს. 

    ამ ყველაფრის ცენტრალური ნაწილი დეკლან რაისია, რომელიც არსენალისთვის ბევრად ფასეულია, ვიდრე 105 მილიონი ფუნტი.

  • 752
  • 4-09-2023, 09:21
  • 0
  • კომენტარები [0]
    FACEBOOK კომენტარები
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
    {title}
    მსგავსი სიახლეები