"ოჰ, მოკეტე, რამსდეილ. ფეხბურთს მიხედე შვილო."
ასეთი სტატიები კარგი ისტორიებით უნდა დაიწყოს, არა? ალბათ, რაღაც სასაცილო ამბავით. ინგლისურის გაკვეთილები მახსოვს. ეს სტატია დიდი აფეთქებით უნდა დავიწყო.
ისე, მეშინია, რადგან აქ პატარა პრობლემა გვაქვს.
როდესაც ვიხსენებ არსენალში გადასვლას, მე სხვა ბიჭებისგან განსხვავებული ისტორია მაქვს. ვნახე ფეხბურთელები, რომლებიც ამბობდნენ: "მე ვენგერმა დამირეკა". ან ვსაუბრობთ გულშემატკივრებზე, რომლებიც მათ სახლის გარეთ უმღეროდნენ..
მაგრამ ჩემი ამბავი? გულახდილად მოვყვე? როდესაც ახალი ამბები გავრცელდა, ერთადერთი რაც მახსოვს, მთელი მსოფლიო მეუბნებოდა, რომ მე ვიყავი აბსოლუტური ნაგავი.
ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო. მე გამომიძახეს ინგლისის ნაკრებში. საოცარი გრძნობა იყო ნაკრების წევრობა. იქ ყოფნის დროს, აგენტმა მითხრა,, რომ არსენალი ინტერესდებოდა ჩემით. დღეს, ფეხბურთში არასდროს იცი, რას ნიშნავს ეს. ვცდილობდი არ ავღტაცებულიყავი.
ვუპასუხე: "ინტერესი, ეს რას ნიშნავს?"
მან მითხრა: "არ ვიცი. უბრალოდ ინტერესია."
"მათ ჩემი ყიდვა სურთ?"
"შეიძლება. შეიძლება არა. ინტერესია."
მომდევნო დღეს, ყავის რიგში ბუკაიო საკას შევეჩეხე. მას კარგად არ ვიცნობდი და ჩემთვის ვფიქრობდი: "არაა, მას ინტერესზე ვერ ვკითხავ."
უბრალოდ ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა მისთვის?
"დილა მშვიდობის ბუკაიო. როგორ ხარ? მმმ... შემთხვევით ხომ არ იცი, შენი კლუბი ჩემი ყიდვით ინტერესდება?"
ეს ნამდვილად სასაცილო იქნებოდა.
და კი, მე ზუსტად ეს ვკითხე.
მან მითხრა, რომ ინტერესი რეალურია და მეტიც, მწვრთნელი მას ჩემს ხასიათზე ესაუბრა. ეკითხებოდა, როგორი ადამიანი ვარ. ვფიქრობ, ბუკაიომ კარგად დამახასიათა, რადგან რამდენიმე დღეში აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ტრანსფერი იხურებოდა.
დაუჯერებელია. საფეხბურთო კლუბი არსენალი. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღე. ჩემი ყველა მეგობარი მესიჯს მიგზავნიდა. შენ ლეგენდა ხარ. ოჯახი სიხარულით ცას ეწია. ამაზე უკეთესი რა შეიძლება მოხდეს?
ვარჯიშიდან დავბრუნდი, ტელეფონი ავიღე და ის ძალიან ხურდა. დაახლოებით 100 შეტყობინება იყო მოსული. ჩემს ტვიტერზე შევედი, ინფორმაცია გავრცელებული იყო და ხალხი მე უბრალოდ მანადგურებდა.
"აარონ რამსდეილ, აქ არ მოხვიდე, შენ ნეხვი ხარ.
2-ჯერ გავარდნილი? საშინელი ტრანსფერი.
24 მილიონი? ნძ**ეველა."
მაგრამ იყო რამდენიმე კარგი მესიჯიც:
"მოგესალმებით ჩრდილოეთ ლონდონში, აარონ!"
თავდაპირველი შოკის შემდეგ დავფიქრდი. კარგი, ჩემი ბრალია, რომ შეტყობინებები ჩართული მაქვს. ეს თანამედროვე ფეხბურთია. სოციალური მედია ტოქსიკურია, იქ ტროლები არიან, არაუშავს.
ოთახში შევედი და ტელევიზორი ჩავრთე. ფეხბურთი ერთადერთი გზაა, რითიც რელაქსაცია შემიძლია. ფეხბურთზე გაგიჟებული ვარ. შეგიძლიათ ჩემს მეუღლეს კითხოთ. მე ვარ ფეხბურთის ქომაგი, რომელიც როგორღაც ფეხბურთსაც თამაშობს. თუ მანქანაში ვზივარ, მაშინ საფეხბურთო პოდკასტს ვუსმენ. თუ სახლში ვარ და ჯორჯინა თავის გადაცემებს უყურებს, მე აიპადი მიჭირავს ხელში და ვუყურებ იმას, რაც გადის.
Sky Sports News-ზე გადავრთე, სადაც ექს-ფეხბურთელები, ფანდითები სხედან. ჩემი ფოტო ჰქონდათ კადრზე გამოტანილი და თავს აქნევდნენ. მოხარულები ნამდვილად არ იყვნენ.
ისინი ჩემი უდიდესი ქომაგები ნამდვილად არ იყვნენ. საინტერესო გამოცდილება იყო გეყურებინა იმ ლეგენდებისთვის, რომლებსაც ბავშვობაში უყურებდი, ახლა კი საქვეყნოდ შენზე ამბობენ, რომ ნაგავი ხარ. ამას ჩემზე გავლენა მართლაც ჰქონდა. რამდენიმე წამში, მეცხრე ციდან მიწაზე ჩამოვეშვი.
ტელევიზორი გამოვრთე. ყველა სოციალური ქსელის შეტყობინებები გავთიშე.
საბედნიეროდ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ყველაფერი ლაგდებოდა. ძალიან აღტაცებული ვიყავი, რადგან საოცნებო კლუბს ვუერთდებოდი და სრულიად ახალ გამოცდილებას ვიძენდი.
არსენალი. გასაოცარია. დავივიწყე ტროლები. ეს უნდა აღვნიშნო.
დავურეკე ჩემს მეგობრებს. ლეგენდებს. მათ მე არასდროს დავუღალატებივარ.
მოვიდნენ ჩემთან სახლში და პირველი ის მითხრეს, ვნახე თუ არა რას წერდნენ ფანები ჩემზე.
ოჰ, ღმერთო.
ამბობენ, რომ ცოტა გიჟი უნდა იყო, თუ გსურს გახდე მეკარე. ჩემს ოჯახში, მხოლოდ მე ვარ ნორმალური.
ჩემი უფროსი ძმა ედვარდი ციხეში მცველია. ჩემი შუათანა ძმა ოლივერი ვესტ-ენდის შემსრულებელია. მამაჩემი, ის ნამდვილად ძველი სკოლის პერსონაჟია. მას არ მოსწონს ეს ლამაზი ევროპული ფეხბურთი, როდესაც მეკარეს ბურთი ფეხთან აქვს. არა, არა, არა. ის მეუბნებოდა, რომ მისტერ არტეტას დაურეკავდა და ეტყოდა: გადააგდე ეს წყეული ბურთი ფორვარდთან.
ასეთი არის მამაჩემი.
დედა, ნამდვილი მეომარი. თუ ჩემი ძმა - ციხის დარაჯი - პაბში მეგობრებთან ერთად წავა, დედაჩემი იქამდე არ დაიძინებს, სანამ ის არ ეტყვის, რომ სახლში მივიდა. ის 32 წლის არის, მაგრამ ისევ უნდა მიწეროს: "კი, დედა, სახლში ვარ, მიყვარხარ."
მე ოჯახში ყველაზე პატარა და ალბათ, ყველაზე უინტერესო შვილი ვარ. როდესაც ხალხი მეუბნება, რა მამაცურად მოვიქეცი და ოცნება ავისრულე, უბრალოდ ვიცინი. ოჯახის ნამდვილი სუპერვარსკვლავი ოლივერია. სწორედ ის არის მამაცი. უნივერსიტეტში წასვლამდე 3 კვირით ადრე მშობლებს უთხრა, რომ გადაწყვეტილება შეცვალა. მას აღარ სურდა ფიზკულტურის მასწავლებლობა. მან მოინდომა ოცნება აესრულებინა და დრამის სკოლაში ჩაებარებინა. ბარგი ჩააბარა და ლონდონში გაემგზავრა.
ეს არ არის ყველაზე მამაცური რამ, რაც მას გაუკეთებია. ის გეია და ამას ღიად გამოხატავს. მე მის გამო ვამაყობ და ეს აქამდე არასდროს მითქვამს. ოლივერი ძალიან მგავს. ისიც ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც ფეხბურთი უყვარს და მეგობრებთან ერთად ხუმრობს. უყვარს არსენალი. ის ჩემით ამაყობს, მე - მისით.
არ არის ადვილი იყო ყველაზე გახსნილი, მაგრამ ზუსტი დროც არ არსებობს. ამ ისტორიის დაწერაზე გასული ზაფხულიდან ვმუშაობ, ჩემმა ოჯახმა "უფლებაც" მომცა.
თუ ისტორიას მოვყვები, მაშინ ეს გულახდილად, სწორად უნდა გავაკეთო.
როდესაც არსენალში გადავედი, ყველაფერს გავუმკლავდი, რასაც ჩემზე ამბობდნენ. მაგრამ, რამდენიმე კომენტარი ჩემს ოჯახს შეეხებოდა, მათ ზღვარი სრულიად გადაკვეთეს.
როგორც მეკარეს, ჩემზე ყველაფერი მომისმენია. შეგიძლიათ ის თქვათ, რაც გინდათ, და მე გავიცინებ. შეიძლება, შემოვტრიალდე და პასუხიც დაგიბრუნოთ. მაგრამ, როდესაც ჰომოფობია და სიძულვილი იგრძნობა, ეს უბრალოდ არასწორია.
უკვე მესმის კომენტარები.
"ოჰ, მოკეტე, რამსდეილ. ფეხბურთს მიხედე შვილო."
მაგრამ, ეს სწორედ ფეხბურთზეა. ფეხბურთი ყველასთვისაა. თუ არ მეთანხმები, მაშინ შენ ხარ ის, ვინც უნდა მოკეტოს და სარკეში ჩაიხედოს.
და მომისმინე, ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა ისე, რომ ზღვარი არ გადაკვეთო. მე ფეხბურთის ისეთივე ფანი ვარ, როგორც ნებისმიერი სხვა. თუ ჩემი კლუბი მე შემიძენდა, ფანის თვალით, ალბათ მეც სკეპტიკურად ვიქნებოდი განწყობილი. არსენალამდე, მთელი ჩემი კარიერა დარტყმების ერთი დიდი სერია იყო.
მე ვიქნები პირველი მათგანი, ვინც გეტყვის, თუ რამდენჯერ დავმარცხდი.
როდესაც 15 წლის ვიყავი, ბოლტონის აკადემიიდან გამრიცხეს, რადგან მაისურსაც კი ვერ ვირგებდი. ძალიან პატარა ვიყავი და ისე ჩანდა, თითქოს მამაჩემის მაისური მეცვა. გარშემო 5 ან 6 კლუბში ვიყავი სინჯებზე, ყველამ უარი მითხრა.
ძალიან სამარცხვინო იყო. სკოლაში მხოლოდ ფეხბურთზე ვსაუბრობდი, თუ როგორ გავხდებოდი მეკარე. ინგლისურის შესანიშნავი მასწავლებელი მყავდა, მისტერ კერი, რომელიც მეუბნებოდა, რომ სკოლაში ყველა საგანი უნდა მესწავლა. ის ვესტ ბრომზე ან ჩელსიზე 10 წუთი მესაუბრებოდა ხოლმე, შემდეგ კი ისევ გაკვეთილს უბრუნდებოდა. როდესაც გუნდიდან გამრიცხეს, გავტყდი, რადგან სკოლაში ეს იყო ჩემი იდენტობის დიდი ნაწილი. მასწავლებელი ხედავდა, აღარ ვსაუბრობდი. განადგურებული ვიყავი და მეგობრებთანაც კი არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი.
გონებაში, ჩემი ოცნება დაიმსხვრა.
ერთ დღეს, მისტერ კერმა გვერდით გამიხმო და მკითხა, თუ რა ხდებოდა. მე ვუამბე. მახსოვს მისი ფრაზა: "რამდენი გუნდია ამ ქვეყანაში? 80-ზე მეტი არა? იპოვნი შენს გუნდს. არ დანებდე. არასდროს შეწყვიტო ოცნებისთვის ბრძოლა."
რამდენიმე კვირის შემდეგ, შეფილდ იუნაიტედმა აკადემიაში მიმიღო. სიამოვნებით ვიტყოდი, რომ მათ ამიყვანეს, მაგრამ არა, უბრალოდ აკადემიაში შემიშვეს.
4 წლის შემდეგ, ჩემი პირველი პროფესიონალური მატჩი ჩავატარე ჩესტერფილდში. გასვლაზე, აკრინგტონ სტენლისთან. იანვრის შუაში. მოედანი ტალახის გუბე იყო, ჩემს გონებაში მაინც. მეორე ტაიმში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გოლი გავუშვი, რაც კი ოდესმე გინახავთ. 3-0ს ვაგებდით და მთელი სტადიონი მიმღეროდა: "ეს ყველაფერი შენი ბრალია! ეს ყველაფერი შენი ბრალია! ეს ყველაფერი შენი ბრალია!".
იმ მომენტში თავი 15-სანტიმეტრიანი კაცი გგონია. მახსოვს, შევტრიალდი, ლიგა 2-ში ფანები ისე ახლოს არიან, თითქოს თვალებთან დგანან.
უხერხულია, თუ მათ არაფერს უპასუხებ, ასე ახლოს არიან ისინი. ვფიქრობდი: "იცი რა? თუ მე ტრიბუნაზე ვიქნებოდი და რამდენიმე ბოთლი ლუდი მექნებოდა დალეული, მეც ასე მოვიქცეოდი!"
შემდეგ გასვლით მატჩზე, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ქომაგები უხეშად მაგინებდნენ. შევტრიალდი, ერთი ადამიანი შემთხვევითობით შევარჩიე, და მცირე ღიმილით დავიწყე ხელის ქნევა.
მთელი სექტორი მისკენ იყურებოდა და იცინოდა.
თითქოს, მხრებიდან დიდი წონა მომშორდა.
მთელი მატჩის განმავლობაში, როცა მცირე პაუზა იყო, ვტრიალდებოდი და ვხუმრობდი ქომაგებთან. თუ კარგ რამეს მოვიფიქრებდი, მთელი სექტორი იცინოდა. თუ არ გამომივიდოდა, მაშინ ყველა მე დამცინოდა. უცნაურად ჟღერს, მაგრამ თითქოს ეს წნეხთან გასამკლავებელი ერთადერთი გზა იყო. როდესაც მეორე ლიგაში ან სულაც ჩემპიონშიფში ხარ, ხალხის საარსებო წყაროსთვის თამაშობ. როდესაც ჩესტერფილდთან ერთად გავვარდი, მახსოვს, ბოლო მატჩის შემდეგ სტაფი შენობიდან გადიოდა და ნივთები მიჰქონდათ. მეგონა, ასე მხოლოდ კინოებში ხდებოდა. ვფიქრობდი: "დამლაგებლები, ბილეთების სტაფი, მაისურების მომვლელი... მათ ყველამ დაკარგეს სამსახური იმის გამო, რაც მინდორზე მოხდა."
ეს ნამდვილი ცხოვრებაა.
ეს იყო ძალიან, ძალიან რთული გაკვეთილი, მე სწავლა უნდა გამეგრძელებინა. ჩემი პირველი ოთხი პროფესიონალური სეზონი 24-ე, მე-20, მე-18 და მე-20 ადგილებზე დავასრულე. გასულ სეზონში სატიტულო რბოლამდე, კარიერაში ტიტულისთვის არასდროს მიბრძოლია.
ალბათ, ეს არის ის, რაც ყველა ბავშვმა უნდა დაიმახსოვროს, რადგან მათ ეუბნებიან, რომ ნებისმიერი რამ, რაც იდეალური არ არის, მათ ოცნებას ხელს უშლის.
მანამ, სანამ სწორი ხალხი შენში დარწმუნებულია და ხედავენ, როგორ შრომობ და რა მოგაქვს გუნდისთვის, იქამდე, კრიტიკოსების საუბარს აზრი არ აქვს. მიკელ არტეტა ჩემთვის განსაკუთრებულია. მახსოვს, როდესაც მას პირველად შევხვდი, მითხრა: "უბრალოდ იყავი შენი თავი."
ზოგი ადამიანი შეიძლება ფიქრობს, ჩვენ უცნაური წყვილი ვართ, რადგან ის დაუჯერებლად მონდომებული და სერიოზულია, მე კი ბიჭი, რომელსაც ხუმრობები უყვარს. მაგრამ, რატომღაც, ჩვენი კავშირი მუშაობს.
მახსოვს მიხსნიდა, რომ სურდა მაღალი ხაზით გვეთამაშა, ბევრად აგრესიულად. ყოველდღიურად, ვარჯიშზე, ვთამაშობდი ბევრად მაღლა და აგრესიულად.
ის მეუბნებოდა: "კიდევ უფრო მაღლა!"
ყოველდღიუდა, უფრო მაღლა.
"კი, კი, უფრო მაღლა."
მე ვფიქრობდი: "ჯანდაბა, ლამის მოედნის ცენტრთან ვარ, კიდევ რამდენად მაღლა?"
ეს შესანიშნავი იყო. მიკელი მიხსნიდა, რატომ უნდა გვეთამაშა უფრო აგრესიულად. მაჩვენებდა 10-20 სხვადასხვა მაგალითს და მე ვფიქრობდი: "ჯანდაბა, ბოს, ეს პრაიმ ბარსელონაა. დარწმუნებული ხარ, რომ იგივე შეგვიძლია?"
ბოლოს, ორივე შევთანხმდით, თავად შედეგები მეტყველებდა ყველაფერს.
არასდროს დავივიწყებ ჩემს პირველ მატჩს ლიგის თასზე, გასვლაზე ვესტ ბრომვიჩთან, ოთხშაბათს საღამოს. ჩვენი ქომაგები კუთხეში იყვნენ და მთელი მატჩის განმავლობაში მღეროდნენ. მე ვფიქრობდი: "ღმერთო, გთხოვ, არ დამისტვინონ."
მატჩის პირველ 5 წუთში, ბურთს თითქმის არ შევხებივარ. სეივიც კი არ გამიკეთებია. და ისინი მე მიმღეროდნენ.
აღტაცებული ვიყავი. ზოგჯერ ტრიბუნაზე ვიყურებოდი, რომ ეს ყველაფერი შემეგრძნო. იმ მომენტში გავაანალიზე - ესენი არიან ნამდვილი ქომაგები. ისინი, ვინც ოთხშაბათს საღამოს ვესტ ბრომვიჩში ატარებს. კი, ინტერნეტში იდიოტები ნამდვილად არიან, მაგრამ ვის ადარდებს? ნამდვილი ფანები ზურგს გიმაგრებენ.
იმ მომენტში ვიგრძენი, რომ ეს ჩემი სახლია.
პირველი ორი სეზონი ჩრდილოეთ ლონდონში გასოცარი იყო. გასულ სეზონში ჩვენს მიზანს ვერ მივაღწიეთ და ეს ისევ მწარე ნაკბენივით არის, მაგრამ ვუყურებ ჩვენს პროგრესს და ვამაყობ. თუ რამდენიმე წუთით ისევ ფეხბურთის უბრალო ფანი გავხდები და აქაურობას გარე თვალით შევხედავ, ამ კლუბში ნამდვილად მაღალი დონის ფეხბურთელები არიან!
არასდროს დავივიწყებ მომენტს 2021/22 წლების სეზონიდან, როცა ოთხეულში ვერ მოვხვდით. მე ვიცოდი, რომ სწორ გზაზე ვიდექით. ნიუკასლთან გასვლაზე 2-0 წაგებული მატჩის შემდეგ, ავტობუსში ბუკაიოს გვერდით ვიჯექი. ყველანი განადგურებულები ვიყავით, მაგრამ აკადემიის ახალგაზრდა ბიჭებს, ბუკაიოს და ემილს, განსაკუთრებული წნეხი ჰქონდათ. მატჩის შემდეგ, პირდაპირი მნიშვნელობით, ისინი იატაკზე ისხდნენ. ავტობუსში ასვლისას, ბუკაიო ჩუმად იყო. ზოგადად, ყოველთვის ვსაუბრობთ, მარცხის შემდეგაც, მაგრამ იმ დღეს, მკვდარივით დუმდა. მას მესიჯი გავუგზავნე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გვერდით იჯდა. ვეკითხებოდი როგორ იყო და სურდა თუ არა საუბარი.
5 წუთი ვილაპარაკეთ და რაც ვთქვით, ჩემთვის დავიტოვებ, მაგრამ ვეცადე მისთვის ამეხსნა, თუ რამდენჯერ მიგრძვნია თავი წარუმატებლად და როგორ უნდა იამაყოს, რომ გუნდი მე-8 ადგილიდან მე-5-ზე აიყვანა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე მოხდა.
იქამდე, საუკეთესო შედეგი, რაც მქონია, მე-18 ადგილი იყო.
ზოგჯერ, წარუმატებლობიდან უფრო მეტს სწავლობ, ვიდრე მაშინ, როცა ყველაფერი დიდებულად მიდის.
კი, გასულ სეზონში ტიტული ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ მერვედან მეხუთეზე და მეხუთედან მეორე ადგილზე გადავედით. მე მიყვარს ის კულტურა, რაც არსენალშია დანერგილი. ახლა შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ იყო მეთოფე. და მეც, პერსიონალურად, მადლიერი ვარ თანაგუნდელების, მწვრთნელის, მთელი სტაფის და ქომაგების.
ახლა, ვშიშობ, რომ უფრო დასერიოზულდება ეს სტატია.
ჩვენს ცხოვრებაში ხდება ისეთი რაღაცები, რაზეც ხალხს წარმოდგენაც არ აქვს. გასული წელი ჩემთვის ნამდვილი ამერიკული მთები იყო. პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში ყოფნისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების დროს გავიგე, რომ მე და ჩემი მეუღლე შვილს ველოდებოდით. მუნდიალის დასრულების შემდეგ, მიკელმა რამდენიმე დღე კიდევ მომცა დასასვენებლად. მეუღლესთან ერთად მივდიოდი, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეები მქონდა. ადვილი სათქმელი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხალხმა უნდა იცოდეს...
სახლში გამგზავრების დროს, მე და ჩემმა მეუღლემ შვილი დავკარგეთ.
იმ 6-საათიანი ფრენის დროს განცდილი ტკივილის ახსნა არ შემიძლია. ამაზე ბევრ ადამიანთან არ მისაუბრია. მხოლოდ ოჯახთან, თანაგუნდელებთან და მიკელთან. მიკელი ფანტასტიკურად მექცეოდა. ტიტულისთვის ბრძოლის დროს დიდი წნეხი იყო ჩვენზე და მეკითხებოდა, მსურდა თუ არა ამ ყველაფრისგან მოწყვეტა, დასვენება. ის ჩემი და ჩემი ოჯახის გვერდით დადგა, სურდა დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი კარგად იყო.
ჩემთვის, ეს არის ნამდვილი მენეჯერი.
ერთმანეთს ყოველთვის თვალებში არ ვუყურებთ. ზოგჯერ, ფეხბურთზე აურაცხელად ბევრს ვსაუბრობთ. მიკელი ჩვენზე ძალიან ზრუნავს და მას სამუდამოდ ექნება ჩემგან უდიდესი პატივისცემა.
სამი დღის შემდეგ, ტოტენჰემს დერბიში ვეთამაშებოდით. ჩემთვის ეს იყო ერთადერთი გზა, რომ გონება გამეთავისუფლებინა. ფეხბურთი არის ჩემი გასაქცევი გზა. მწვრთნელს ვუთხარი, თამაში მსურდა. უკეთესი საღამო ვერ შედგებოდა. ჩვენ 0-2 მოვიგეთ და ჩვენი ქომაგები უბრალოდ გაგიჟებულები იყვნენ. თუ მატჩს გადაახვევთ, ნახავთ, რომ ბოლო წამზე ბურთის მოგერიებისას ვიცინოდი. შევტრიალდი, ჩემი წყლის ბოთლი ავიღე და მილიონი წელი ვერ ვიფიქრებდი, რომ ტოტენჰემის ფანი ზურგში ფეხს ჩამარტყამდა.
ინგლისელ ქომაგებთან ყველანაირი შემთხვევა მქონია. მათ ჩემთვის ყველაფერი უწოდებიათ, რაც კი წარმოგიდგენიათ. მაგრამ, ზღვარი ასე არავის გადაუკვეთავს. მახსოვს, როცა გასახდელში შევედი, გამარჯვება ვერც კი აღვნიშნე, რადგან პოლიციამ დაკითხვაზე წამიყვანა.
ცუდად ვიგრძენი თავი იმ ადამიანის გამოც, რომელმაც ეს გააკეთა. ჩემთვის ვფიქრობდი: "ის რომ მე მიცნობდეს და იცოდეს, რისი გამოვლა მიწევს ახლა, შანსი არ არის, აეს არ მოიქცეოდა. ერთ დღეს რომ ქუჩაში შევხვედრილიყავით და ფეხბურთზე გვესაუბრა, ალბათ მეგობრებიც გავხდებოდით."
ამ ნაწილის გამო მსურდა ისტორიის დაწერა, ჩემი და ჩემი ოჯახის ამბის გაზიარება. ბოლო რამდენიმე წელი ფეხბურთში დიდ ნეგატივს და ტოქსიკურობას ვხედავთ, იქნება ეს სოციალური ქსელები თუ მოედანი. თითქოს, ყველა ადამიანმა დაკარგა ცხოვრების აღქმა.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ვიცი, რომ მივიღებ მესიჯებს ჩემს მეუღლეზე ან ძმაზე. სხვა ბიჭები უარეს მესიჯებსაც იღებენ. რატომღაც, სოციალურ ქსელებს არ ადარდებთ ამის შეჩერება.
მაგრამ მე არ მაინტერესებს მათი გაჩერება. მე არ მაინტერესებს ტროლები, რადგან ვიცი, რომ მათთან ვერ მივაღწევ. ჩემთვის მთვარია ვიდგე სწორ მხარეს.
მთავარია ვიცოდე, როგორი ადამიანი და მამა უნდა ვიყო.
ამ ზაფხულს, ჯორჯინამ და მე საუკეთესო საჩუქარი მივიღეთ. ის ისევ ორსულად არის. პატარა მეთოფე გზაშია და ჩვენ უზომოდ ბედნიერები ვართ.
როდესაც მამა ხდები, მომავალზე ფიქრობ, როგორი კაცი გინდა გახდე.
მე, ყოველთვის ვოცნებობდი ჩემპიონატის მოგებაზე და ტიტულის ჩრდილოეთ ლონდონში ჩამოტარებაზე. მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა. მაგრამ, ეს საფეხბურთო ოცნებებია.
როგორც ადამიანს, სხვა ოცნება მაქვს.
მინდა, რომ ეს თამაში იყოს ყველასთვის უსაფრთხო და სასიამოვნო ადგილი. ჩემი ძმა, ოლი - ან ნებისმიერი სხვა რელიგიის, რასის, სექსუალობის - ესწრებოდეს შეხვედრას შიშის გარეშე.
და როდესაც ჩვენ ავწევთ ტიტულს ემირეიტებზე, მინდა ჩემი ძმა ჩემთან ერთად იყოს.
მერე რას გვეტყვიან ტროლები? ვერაფერს.
მიყვარხარ, ძმაო.
აარონი.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.