შემოგვიერთდით
  • "რაია თავიდან გვარიდებს მომენტებს, რომლებსაც ხშირად ვერ ვამჩნევთ" - მიკელ არტეტა

    "რაია თავიდან გვარიდებს მომენტებს, რომლებსაც ხშირად ვერ ვამჩნევთ" - მიკელ არტეტა

    დაახლოებით 3 კვირის წინ, ბარნლისთან მატჩამდე, მიკელ არტეტას დავიდ რაიას ფორმის შესახებ ჰკითხეს. მიკელმა თანამემამულე შეაქო, მისი ფორმა მოიწონა და საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    "დავიდის უნარებს შორის ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ რაია თავიდან გვარიდებს მომენტებს, რომლებსაც ხშირად ვერც კი ვამჩნევთ.

    ლოგიკურია, რომ ვერ ვამჩნევთ, რადგან ეს მომენტები არასდროს ხდება შესამჩნევი. რაია ასეთ მომენტებს წინასწარ ხედავს და ანეიტრალებს.

    მას რთულ გარემოში მოუწია თამაში, მაგრამ მიყვარს ფეხბურთელები, რომლებსაც საკმარისი გამბედაობა აქვთ, რათა გამოწვევებს არ შეუშინდნენ. მას აქვს ხასიათი და ცდილობს საკუთარი სათამაშო სტილი ბოლომდე გაიტანოს.

    დავიდმა მოიპოვა უფლება, რომ ყველამ პატივი სცეს და მისი ასეთი თამაშით კმაყოფილი ვარ", - თქვა არტეტამ.

    არტეტა მართალია, ლუტონთან დაშვებული შეცდომების შემდეგ რაიას სათამაშო ხარისხი მატჩიდან მატჩამდე იზრდება, მისი თვითრწმენა თვალში საცემია და უკვე აშკარად ჩანს, რა გავლენა აქვს გუნდზე ახალ მეკარეს.

    ახლა გადავინაცვლოთ არტეტას კომენტარის გაშიფრვაზე და ვცადოთ გამოვარკვიოთ, როგორ ეხმარება რაია არსენალს მომენტების თავიდან არიდებაში.

    გამარჯვება სიტისთან

    სანამ ბოლოდროინდელ პერფორმანსებზე გადავალთ, იქამდე ოქტომბრის დიდი მატჩი უნდა გავიხსენოთ. არსენალმა პრემიერ ლიგაში ხანგრძლივი მშრალი სერია დაასრულა და მანჩესტერ სიტი ემირეიტებზე 1-0 დაამარცხა.

    რაიას მძიმე პირველი ტაიმი ჰქონდა, კინაღამ უპატიებელი შეცდომაც დაუშვა და დამაჯერებელი არ იყო, მაგრამ მეორე ტაიმი საპირისპიროდ წარიმართა.

    მეორე 45 წუთში გამოჩნდა, რა ხარისხი აქვს დავიდს და როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას გუნდზე. განსაკუთრებით გამოსაყოფია მონაკვეთი გაბი მარტინელის გოლი შემდეგ.

    გოლი სიტის ჰქონდა გასატანი, მაგრამ ბურთს არსენალი აკონტროლებდა. ვიხილეთ 3-4 წუთიანი მონაკვეთი, სადაც სიტი უბრალოდ ვერაფერს აკეთებდა. არსენალი მარტივ გზას იყენებდა.

    გაუთავებელი პასები მინდვრის მოთამაშეებს შორის, თუ წინ თავისუფალი პარტნიორი აღარ იყო, პასი უკან რაიას მისამართით, რომელიც 40-50 მეტრიან გადაცემებს უზუსტესად ასრულებდა და არსენალი კონტროლს ინარჩუნებდა.

    მხოლოდ ბურთით თამაშიც არ არის. რაია ყველა მომენტში დროულად ტოვებდა კარს და რაც მთავარია, თითოეულ ჩაწოდებას მარტივად ანეიტრალებდა, ამ თემას კი ისევ მივუბრუნდებით.

    არსენალი მიმდინარე სეზონში ბევრად უფრო დომინანტურია მოედანზე, ვიდრე გასულ წელს იყო. არტეტას სურს, რომ სრულად აკონტროლებდეს მატჩს, რაც გამოსდის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი კი სწორედ რაიაა.


    რაიას ორი განსხვავებული სახე

    რაიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უნარი დაგვანახა. არიან მეკარეები, რომლებიც გრძელ გადაცემებს ასრულებენ უკეთ. არიან მეკარეები, ვისაც მეტოქის მაღლა ამოტყუება და მოკლე პასებით ამოსვლა ურჩევნია. დავიდს ორივე როლის მორგება თანაბრად კარგად შეუძლია.

    ამის მაგალითი ვესტ ჰემთან მატჩია, სადაც არსენალმა 0-6 გაიმარჯვა და მეტოქეს შანსი არ მისცა.

    ჩაქუჩებთან მეორე სართულზე ბრძოლა რთულია, ამიტომაც გრძელ გადაკიდებებს ნაკლებად თუ აქვს აზრი. არსენალმა განსხვავებული ტაქტიკა აირჩია და მოკლე პასებით გადაწყვიტა თამაში.

    მიმდინარე სეზონში ეს ერთადერთი მატჩი იყო, სადაც რაიას ერთხელაც არ უცდია 35+ მეტრიანი გადაცემის შესრულება. დავიდმა 29 პასი შეასრულა და საშუალო მანძილი მხოლოდ 19.5 მეტრი იყო.

    ამან არსენალს ორმაგი სარგებელი მისცა. პირველ რიგში, გუნდს ნაკლებად უწევდა დუელებში ჩართვა და ტრანზიციებში აქეთ-იქეთ სირბილი. მეორე, არსენალს ისეთი მიმართულებით შეეძლო წაეყვანა თამაში, როგორც მოისურვებდა - კონტროლი.

    მსგავსი რამ მოხდა ბარნლისთან თამაშშიც, სადაც რაიამ რამდენიმეჯერ გააკეთა გრძელი გადაცემა, მაგრამ ძირითადად ახლო მანძილზე ათამაშებდა ბურთს.

    სამაგიეროდ, სრულიად განსხვავებული სცენარი ვიხილეთ ნიუკასლთან.

    მატჩის პირველი პასი უკან რაიას მისამართით გაკეთდა, რომელმაც შორეული გადაცემა ჰავერცს მკერდზე დაასვა, არსენალმა კუთხური მოიპოვა და პირველივე წამიდან ნიუკასლი საჯარიმოში გამოკეტა.

    ამ მატჩის პირველი 25 წუთი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური პერფორმანსია, რაც კი ბოლო წლებში გვინახავს. არა მხოლოდ არსენალისგან.

    რაიამ დამატებითი ცენტრალური მცველის როლი მოირგო. ბენ უაითი მოედნის ცენტრში ჟორჟინიოს შეუწყვილდა, იაკუბ კივიორმა მაღლა აიწია, რაია კი ხან სალიბასა და გაბრიელს შორის ექცეოდა, ხანაც მარცხენა ცენტრალური მცველი ხდებოდა.

    დავიდი თანაგუნდელებს ყოველთვის თავაზობს საკუთარ თავს და უკვე იმდენად თავდაჯერებეულია, რომ ქომაგებსაც არ აძლევს ანერვიულების საშუალებას.

    ესპანელის ასეთი გამოყენება გუნდს დიდ უპირატესობას აძლევს. არსენალს შეტევაში ექსტრა მოთამაშე ჰყავს, რადგან რაია მინდვრის მოთამაშე ხდება და არა უბრალოდ მეკარე. ექსტრა მოთამაშე მეტ სივრცესა და თავისუფლებას ნიშნავს, რაც შედეგებშიც აისახება.

    მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ერთ ასპექტში

    შეიძლება, ბევრმა ადამიანმა თქვას, რომ რაიას სუსტი წერტილი ჩაწოდებებზე და გამოსვლებზე თამაშია, მაგრამ სტატისტიკა და დაკვირვებული თვალი სულ სხვა რამეს ხედავს.

    რაიას აქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩაწოდებებზე მასზე უკეთ მსოფლიოში ერთი მეკარეც კი ვერ თამაშობს, რასაც სტატისტიკა მოწმობს.

    მიმდინარე სეზონში არსენალის საჯარიმოში მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა 192-ჯერ ჩააწოდეს, საიდანაც 29-ჯერ ბურთი რაიას ხელებში აღმოჩნდა.

    შეიძლება, ეს ციფრები გასაოცრად არც მოგეჩვენოთ, თუ დამატებით კონტექსტს არ შევძენთ.

    რაიამ ჩაწოდებების 15.1% გაანეიტრალა. შედარებისთვის, რამსდეილს გასულ სეზონებში მხოლოდ 6.3% (2021/22) და 5.8% (2022/23) ჰქონდა.

    მაგრამ, ესპანელი მხოლოდ რამსდეილს არ ჯობს. ევროპის მასშტაბით არავის აქვს რაიას დარი მაჩვენებელი.

    მეტიც, მასთან ყველაზე ახლოს ვულვზის მეკარე ხოსე სა არის, რომელიც ჩაწოდებების 10.4-ს აფიქსირებს ხელში, რაც რაიას მაჩვენებელზე თითქმის 5%-ით ნაკლებია.

    აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს სტატისტიკა ითვლება, როგორც "მოგერიებული ჩაწოდება" და არა "ხელში დაფიქსირებული ბურთი", ძირითად შემთხვევაში კი დავიდი სწორედ ხელებში აქვავებს ჩაწოდებას.

    ეს გუნდს კონტრშეტევებზე სწრაფად გადასვლის საშუალებას და დამატებით საგოლე მომენტებს აძლევს, რის მაგალითსაც ყოველ მატჩში უფრო ხშირად ვხედავთ, კრისტალ პალასთან კი დავიდმა გოლიც შექმნა.

    ეს რამსდეილის კრიტიკა არ არის, თუმცა აარონი გამოსვლებზე თამაშს ერიდებოდა და თუ გამოდიოდა, ძირითადად ბურთის მუშტებით მოგერიებას ცდილობდა, რაია კი ზუსტად მისი საპირისპიროა.

    შეცდომები, მაგრამ გათვალისწინებული რისკი

    ჩაწოდებების ასეთ სტატისტიკას რაიას სათამაშო სტილი განაპირობებს. ხშირად ის კარის ხაზიდან საკმაოდ წინ არის გამოსული, რათა სწრაფი რეაგირება მოახდინოს და ბურთთან მალე გაჩნდეს.

    ამ სეზონში მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა რაიას ასეთი სტილით ისარგებლეს. მიხაილო მუდრიკის ჩაწოდება პირდაპირ კარში ჩაეხვა, უკანასკნელი მაგალითი კი გალენოს გოლი იყო.

    რაია ჩაწოდებას ელოდა და წინ გამოვიდა, გალენომ კი დარტყმა გადაწყვიტა. დავიდი ბურთს ვეღარ მიწვდა და გოლიც გავიდა, მაგრამ სახსენებელია, რომ იქამდე არსენალის ფეხბურთელებმა შეცდომების მთელი სერია შემოგვთავაზეს.

    არსენალში კარგად იციან, რომ რაიას ასეთი თამაში გარკვეულ რისკს შეიცავს, მაგრამ გუნდში მეორე მხარეს ხედავენ, რაზეც ზევით უკვე ვისაუბრეთ. დავიდის გამოსვლებს, შესაძლოა, არსენალის კარში ექსტრა 2 ან 3 გოლი მოჰყვეს, თუმცა ის გუნდს სანაცვლოდ უფრო მეტს აძლევს.

    როგორ არის დაბალი მეკარე გამოსვლებზე ასეთი კარგი

    რაია მხოლოდ 183 სანტიმეტრია, რაც მეკარისთვის საკმაოდ დაბალი სიმაღლეა. მხოლოდ სათამაშო სტილით რთული იქნებოდა გამოსვლებზე ასე კარგად თამაში, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ამბავი. ესპანელი ბუნებრივად დაჯილდოვებულია.

    რაიას ბევრად უფრო დიდი ხელის მტევანი აქვს, ვიდრე მეკარეების უმრავლესობას, რაც მას ბურთის ხელში დაფიქსირებაში ძალიან ეხმარება.

    დავიდი The One Glove-ის 11 ზომა ხელთათმანებს იყენებს, რაც ყველაზე დიდი ზომაა, რისი შეძენაც შეიძლება. რაიას მტევნის ბოლოდან შუა თითის წვერამდე 22-სანტიმეტრიანი სიგრძეა, ადამიანების საშუალო კი მხოლოდ 19 სანტიმეტრია.

    ასევე, რაიას ხელის გული დაახლოებით 10.7 სანტიმეტრია, რაც მამაკაცების საშუალო მონაცემზე 2.3 სანტიმეტრით მეტია.

    რაიას გიგანტური ხელები აქვს, რასაც დიდი გავლენა აქვს მისი ასეთი სათამაშო სტილის ჩამოყალიბებაზე.

    თუ რამსდეილს შევადარებთ, აარონი მასზე 5 სანტიმეტრით მაღალია, მაგრამ 3 ზომით პატარა ხელთათმანებს იყენებს.

    არტეტა ისევ იმარჯვებს

    უკვე კითხვის ნიშნები აღარ არის იმაზე, თუ ვინ არის პირველი მეკარე ან ვინ იქნება მომავალში. არტეტა დავიდს ენდობა და ისიც იყენებს თავის შანსს.

    მცველები დავიდთან ერთად თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ, რადგან ესპანელი მუდამ მზად არის ბურთის მისაღებად და წნეხის ქვეშ სათამაშოდ. რაიას შეუძლია რამდენიმე განსხვავებულ სათამაშო სისტემას მოერგოს, რასაც არტეტასთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

    რაია არ არის გამორჩეული მეკარე, როცა საქმე დარტყმების მოგერიებას ეხება, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს.

    არსენალი ისედაც ცოტა დარტყმას უშვებს, ამიტომაც მგონი რომ უმჯობესია ძელებს შორის იდგეს მეკარე, რომელიც ჩაწოდებებს მსოფლიოში ყველაზე კარგად ანეიტრალებს და ფეხით თამაშისას დამაჯერებელია.

    #22 მუდამ კონცენტრირებულია და მატჩის პირველიდან ბოლო წამამდე ფოკუსს არ კარგავს, რაც აუცილებელი უნარია, რადგან არსენალი მატჩის 80%-ს მეტოქის საჯარიმოსთან ატარებს და მეკარეს იშვიათად თუ უწევს თამაშში ჩართვა.

    რაია არსენალის დიდი ნაწილია. არტეტა კი ისევ ამტკიცებს, რომ კარგად იცის რას აკეთებს და თუ გუნდის პროგრესირების გზას იპოვნის, არავის შეცვლას არ მოერიდება.

  • 621
  • 5-03-2024, 14:16
  • 0
  • კომენტარები [0]
    FACEBOOK კომენტარები
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
    {title}
    მსგავსი სიახლეები